
ლეონარდო და ვინჩის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატის "მონა ლიზას" (ჯოკონდას) ფონზე გამოსახული ადგილმდებარეობა საიდუმლოებით არის მოცული. იტალიაში, ტოსკანის რეგიონში მდებარე სოფელი პონტე ბურიანო [არეცოს გარეუბანი] საუკუნეების განმავლობაში კამათის წყაროს წარმოადგენდა - ისტორიკოსები თვლიან, რომ „მონა ლიზას“ ფონზე გამოსახული ხიდი პონტე ბურიანოში მდებარეობს, მაგრამ იტალიელი მეცნიერის სილვანო ვინჩეტის მტკიცებით, ხიდი, რომელიც მონა ლიზას უკან მოჩანს, რეალურად, ტოსკანას ტერიტორიაზე, ქალაქ ლატერინას ახლოს მდებარე რომიტოს ხიდს წარმოადგენს, - წერს CNN.
„ამ ტერიტორიის გასწვრივ მდინარე არნოს განსხვავებული ფორმა შეესაბამება პეიზაჟს, რომელიც ცნობილ ნახატზე ლეონარდომ ქალის მარცხნივ ასახა“, - თქვა ვინჩეტიმ რომში გამართულ მედიაკონფერენციაზე. ფლორენციის სახელმწიფო არქივის დოკუმენტებზე დაყრდნობით, ვინჩეტიმ ასევე წარმოაჩინა ნახატზე გამოსახულ ხიდსა და რომიტოს ხიდს შორის ვირტუალური რეკონსტრუქციის მსგავსება.
"მონა ლიზა" XVI საუკუნის დასაწყისშია დახატული. „1501-1503 წლებში, ლეონარდო და ვინჩი კარდინალ ჩეზარე ბორჯიასთან ერთად, ლატერინასთან ახლოს ცხოვრობდა. ხიდი ფუნქციონირებდა და ოთხი თაღი ჰქონდა, როგორც ეს ნახატზეა გამოსახული. ბურიანოს ხიდი ექვსთაღიანია, ხოლო პონტე ბობიოს ხიდს პიაჩენცაში ექვსზე მეტი თაღი აქვს. რომიტოს ხიდი არეცოს, ფიესოლეს და ფლორენციას ერთმანეთთან აკავშირებდა, მაგრამ ახლა მისგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი,“ - აღნიშნა ვინჩეტიმ.
სილვანო ვინჩეტის თქმით, მან წლების განმავლობაში შეისწავლა დრონით (უპილოტო საფრენი აპარატით) გადაღებული მდინარის ნაპირებისა და ხიდის ნანგრევების ფოტოები, რათა დაედგინა, რომ ნახატის ფონზე "უდავოდ ეტრუსკულ-რომაული რომიტოს ხიდია გამოსახული".
პრესკონფერენციას ლატერინას მერი სიმონა ნერიც ესწრებოდა. ის აღფრთოვანებულია იმ პერსპექტივით, რომ ხიდი ტურისტებს მიიზიდავს იმ ქალაქში, სადაც 3500 ადამიანი ცხოვრობს.
ლეონარდო და ვინჩის მე-16 საუკუნის შედევრი ამჟამად პარიზის ლუვრის მუზეუმში ინახება, სადაც მას ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი ნახულობს. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ მისი გლობალური პოპულარობა განპირობებულია არა თავისი მხატვრული განსაკუთრებულობით, არამედ იმ ფაქტით, რომ ნახატი გალერეიდან 1911 წელს იტალიელმა ხელოსანმა ვინჩენცო პერუჯამ მოიპარა.
„ლეონარდოს სხვა ნამუშევარი რომ მოპარულიყო, მაშინ ის იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუში და არა „მონა ლიზა“. არაფერი იყო ისეთი, რაც ამ ნახატს თავისებურად გამოარჩევდა - გარდა იმისა, რომ ეს იყო ძალიან ცნობილი მხატვრის ძალიან კარგი ნამუშევარი მანამ, სანამ ის არ მოიპარეს. ნახატის ქურდობამ მართლაც გაზარდა მისი მიმზიდველობა და მსოფლიოში სახელი გაუთქვა“, - თქვა ნოა ჩარნიმ, ხელოვნების ისტორიის პროფესორმა, წიგნის „მონა ლიზას ქურდობის“ ავტორმა 2013 წელს, როდესაც ნახატის აღმოჩენის 100 წლის იუბილე აღინიშნებოდა.
0
0