
აღდგომის შემდეგ მომდევნო კვირას თომას კვირა ეწოდება, რომელსაც, ასევე, კვირაცხოვლობას უწოდებენ, რაც არის აღდგომის განახლება.
ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ – „ჭეშმარიტად!“
კვირაცხოვლობას თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო ეწოდება: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, არ დაიჯერებდა მის აღდგომას. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.
აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე, ტაძრებში, კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი (არტოს – ბერძნ. პური). ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
აღდგომის სწორზე – კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად დაიჭრება და მორწმუნეებს დაურიგდება. მორწმუნეები არტოსს უფრო მცირე ნაწილებად ყოფენ და მთელი წლის განმავლობაში იღებენ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს, როგორც სულიერი წამალი საკურნებლად სულისა და ხორცისა. არტოსი ინახება წმიდა ადგილას.
0
0